საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინიციატივით, სოვლაბის ოფისში არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებას გულისხმობს.
მემორანდუმის თანახმად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ხელმომწერი საარჩევნო სუბიექტები პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის პრაქტიკის გათვალისწინებით, დებენ პირობას შეიქმნას პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული და დაბალანსებული ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი.
როგორც ცნობილია, ის ოთხი პრიორიტეტული ამოცანით დაარსდება: ლუსტრაცია, საბჭოთა პერიოდის არქივების ღია უზრუნველყოფა, მეხსიერების ადგილების დაცვა და საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის წარმართვა.
"უკანასკნელ წლებში ქართული ოცნების მთავრობამ არაერთი დრაკონული რეგულაცია შემოიღო საბჭოთა პერიოდის არქივებზე წვდომის შესაზღუდად. არქივებზე წვდომის მნიშვნელოვანმა შეზღუდვამ, საბჭოთა წარსულის კვლევა მნიშვნელოვნად გაართულა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო რუსულ დეზინფორმაციას, წარმატებით გამოეყენებინა საბჭოთა წარსული, როგორც პროპაგანდის ქმედითი ინსტრუმენტი.
აღსანიშნავია, რომ მთელმა რიგმა პოსტ-ტოტალიტარულმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა: გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს საბჭოთა კომუნისტური ტოტალიტარული გამოცდილების კვლევისა და გადააზრების მხრივ. კერძოდ, მათ შექმნეს ქმედითი ინსტიტუციური ჩარჩო ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტების სახით (პოლონეთში აღნიშნული ინსტიტუტი დაარსდა 1998 წელს, უკრაინაში - 2006 წელს)", - ვკითხულობთ მემორანდუმში.
მემორანდუმზე ხელი მოაწერეს: კოალიცია ცვლილებისთვის სახელით - ზურა ჯაფარიძემ, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სახელით - პეტრე ცისკარიშვილმა და ძლიერი საქართველოს სახელით - ანა ნაცვლიშვილმა.