logo
ENG



საგამოძიებო: დავაკავეთ 2 პირი, ვინც იტალიის მოქალაქის კუთვნილი ნაკვეთის მითვისება სცადა

10 სექ 202111:24
3 წუთის საკითხავი
 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს ორი პირი - ისინი იტალიის მოქალაქის პასპორტის გაყალბებით ცდილობდნენ, მის ქონებას დაპატრონებოდნენ.

როგორც საგამოძიებო სამსახური იუწყება, დაკავებულებმა იტალიის მოქალაქის მსგავსი ვიზულიას მქონე პირის დახმარებით გადაიფორმეს მიწის ნაკვეთი, შემდეგ კი მის გაყიდვას აპირებდნენ.

„ბრალდებულებმა გააყალბეს იტალიის მოქალაქის პასპორტი და მესაკუთრის მსგავსი ვიზუალის მქონე დაუდგენელი პირის დახმარებითა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით, 2021 წლის აგვისტოში ერთ-ერთის სახელზე დარეგისტრიდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 900 მ2 მიწის ნაკვეთი. 

ზემოაღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულების მიერ მოძიებულ იქნა მიწის ნაკვეთის ახალი შემძენი პირი, რომლის რეალიზაციის  მცდელობისას მოხდა მათი დაკავება. 

გამოძიების პროცესში დაყადაღდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით 350 000 ლარს შეადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა