ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
უწყების ცნობით, ისინი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას სისტემატიურად ახდენდნენ, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს.
მათივე ცნობით, ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ ნაგავსაყრელიდან რეალიზებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლითა და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინაროებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.