ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შეწყალების საკითხის გამოძიებას საკანონმდებლო ორგანოში ევროპული საქართველო მოითხოვს. ბიუროს სხდომაზე, უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციას 9 წლიანი მმართველობა ისევ გაუხსენეს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, როდესაც "ევროპული საქართველოს" ლიდერმა წარადგინა დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 28 აგვისტოს შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. სერგი კაპანაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს, მისი განცხადებით ამ საქმეში იკვეთება კორუფციის ნიშნები. კაპანაძის განცხადებითვე "ევროპული საქართველო" პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ისინი უბრალოდ მოითხოვენ, რომ მოხდეს იმ საკითხის გამოძიება თუ როგორ მოხვდნენ განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები. სწორედ ამ განცხადების მერე მმართველმა გუნდმა ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და 9 წლიანი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა შეახსენა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" სრული მხარდაჭერა გამოუცხადა "ევროპული საქართველოს" ინიციატივას, შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და ურჩია კიდეც, რომ ეს ინიციატივა სესიაზე არ ჩააგდონ. ვინაიდან, თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება ამას კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება. კომისიის არ შექმნის შემთხვევაში ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების პროცედურას მოითხოვს.