logo
ENG



საგამოძიებო პოლიციელის მკვლელობაზე: ბრალდებული ფხიზელი არ იყო, მან რამდენჯერმე გაისროლა

08 იან 202322:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/08/203ftqwgfnjcy0w.png

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ, პოლიციელ ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბრალდებული გიორგი მღებრიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მის ხელთ არსებული იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

შემთხვევა 8 იანვარს, ღამით მოხდა. საგამოძიებოს ინფორმაციით, სახლში იმყოფებოდნენ თავად გიორგი მღებრიშვილი და მისი მეგობრები - შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ა. შ. და დ.ლ. 

"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც გ. მ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. შ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. შ. ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული დაკავებული იქნა ადგილზე გამოძახებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.

ვინაიდან ბრალდებული გ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა, საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა"- ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

"საქმეზე ჩატარებული იქნა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; ამოღებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: დანაშაულის იარაღი, ვაზნები, მასრები, ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და სხვა; აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის და სხვადასხვა სახის საკვლევი ნიმუშები; ამოღებულ საგნებზე დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, ხოლო გარდაცვლილის გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოიკითხა შემთხვევის შემსწრე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციებზე ჩატარდა დათვალიერება და მიმდინარეობს საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოკამერების შესწავლა; სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად"- აცხადებენ უწყებაში.

 


close დახურვა