საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 000 მეხანძრე-მაშველიდან კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ 173-ია.
მათი თქმით, უწყების ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს.
"განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან.
მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების", - ამბობენ საგანგებოში.
მათივე განცხადებით, ინფიცირებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. კონტაქტები თვითიზოლაციაში გადადიან და 72 საათში PCR ტესტი უკეთდებათ.