შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
საგანგებო სიტუაციების სამსახური მიუთითებს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს და ნუ შეუწყობთ ხელს ტყის ხანძრების გაჩენას.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.