logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციამ შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს

13 აპრ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს სხდომაზე დაადასტურა, რომ საგანგებო მდგომარეობა მინიმუმ მაისამდე გაგრძელდება. ბიუროს განმეორებითი სხდომა სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ჩაინიშნება, კვირის ბოლოს კი საკითხი კენჭის ყრაზე დადგება. ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ამჯერად უპირობოდ არ დასთანხმდება - ოპონენტები „ქართულ ოცნებას" ისევ პირობის დარღვევაში ადანაშაულებს. ამჯერად საქმე ანტიკრიზისულ გეგმას ეხება, რომელიც მთავრობას ამ დრომდე არ აქვს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც შესაძლოა ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს - ეს შერჩევითი სამართალია. მათთვის საგანგებო მდგომარეობის გაგრძელდება აზრს კარგავს თუ შეზღუდვებს  მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი დაემორჩილება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მთავრობას წინასაარჩევნოდ ხმების დაკარგვის ეშინია.

ბიუროს სხდომამდე საგანგებო მიმართვა გაავრცელა „ევროპულმა საქართველომ". პარტიამ 21 მარტს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ახლაც მზად არის მხარი დაუჭიროს სამედიცინო კარანტინს, რაც შეეხება დამატებით შეზღუდვებს - თუ ხელისუფლება მოქალაქეთა დახმარების კონკრეტულ გეგმას არ წარმოადგენს, მათ არც „ევროპული საქართველოს" მხარდაჭერა ექნება.

ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა. მას შემდეგ სამი კვირა გავიდა, თუმცა ანტიკრიზისული გეგმა არ წარმოუდგენია. მთავრობა ამტკიცებს რომ დოკუმენტზე მუშაობს და უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებს. თუმცა დრო ცოტა რჩება - საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილს იწურება.


close დახურვა