logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამებაში მრევლი იკრიბება

21 მარ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 

სამების საკათედრო ტაძარში კი, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საღამოს ლოცვისთვის ემზადებიან. აკრძალვის მიუხედავად, იკრიბება მრევლიც. ხუთ საათზე სამების ტაძარში დაიწყო საღამოს ლოცვა. 

„რაც განაცხადა სინოდმა, გაგრძელდება ჩვეულებრივად წირვა-ლოცვა. ხალხს რაც შეეხება - ვისაც სურვილი ექნება, მოვა. დანარჩენთან დაკავშირებით საპატრიარქო გააკეთებს განცხადებას, რადგან გუშინ არ იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა", - აცხადებენ სამების ტაძარში.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ საპატრიარქოსგან ახალი მითითება არ აქვთ და ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მსახურება. ხვალ დილის ათი საათიდან დაიწყება წირვა.

„დღეს ხუთზე აღესრულება სადღესასწაულო ლოცვა - ხვალ ათის ნახევარზე დაიწყება წირვა, მისი უწმინდესობა აღასრულებს მას. ხვალ არის ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული", - ამბობენ სამების საკათედრო ტაძარში.

სამებაში მოსული მლოცველები კი ამბობენ, რომ ამ განსაცდელიდან ერთადერთი ხსნა ლოცვაა და ამიტომ, ტაძრებში წირვა-ლოცვა არ უნდა შეწყდეს.

„ეკლესია დაარსებულია მაცხოვრის მიერ - არ შეიძლება ეკლესიის გაჩერება. ეკლესიაში წირვა-ლოცვა არასდროს შეწყვეტილა. ერთადერთი გზა, რომ აქედან გამოვიდეს კაცობრიობა, არის ლოცვა", - ამბობენ მორწმუნეები.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.


close დახურვა