logo
ENG



საგარეო: გაკვირვებული ვართ კატუკიას ბრალდებებით, უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით

01 ივლ 202214:13
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის თეა კატუკიას განცხადებას თანამდებობის დატოვების მიზეზებზე "ცილისმწამებლურს" უწოდებს და ირწმუნება, რომ "უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით ელჩად ყოფნის პერიოდში".

სამინისტროს განმარტებით, კეკუტიამ ვერ უზრუნველყო დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, რის გამოც "მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა".

"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღეს საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა თეა კატუკიამ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც  გადადგომის მიზეზად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან "მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლას" ასახელებს.


close დახურვა