logo
ENG



საგარეო: გუშინ მინსკში სამთავრობო თვითმფრინავით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა

17 აგვ 202011:09
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 აგვისტოს მინსკში სამთავრობო თვითმფრინავის ჩაფრენის შესახებ ინფორმაციას განმარტავს. უწყებაში აცხადებენ, რომ გუშინ სამთავრობო თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩავიდა.

“ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ. 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში.

ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.

ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.
შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.

ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად.

იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს”, — წერია სამინისტროს განცხადებაში.

16 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამთავრობო თვითმფრინავი გუშინ მინსკში 19:00 საათზე ჩაფრინდა, დაახლოებით 1 საათი აეროპორტში იდგა, შემდეგ კი უკან გამოფრინდა. ამ თვითმფრინავით, როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინვე უარყვეს პრეზიდენტის მინსკში გაფრენასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. 


close დახურვა