საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 6 წლითა და 12 თვით პატიმრობის მისჯას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გეგმების რეალურ გამოხატულებას საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს დეკლარაციულ განცხადებებს დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილის შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაში დატოვება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო. აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გეგმების რეალურ გამოხატულებას საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს დეკლარაციულ განცხადებებს დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილის შესახებ", - აცხადებენ უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კუთხით გააქტიურებული ნაბიჯების ფონზე, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ქმნის სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს და გამიზნულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაწეულ ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოსტერიტორიიდან.
"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველო აამოქმედებს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიურ და სამართლებრივი ბერკეტს და საკითხს უმაღლეს დონეზე დასვამს ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანების უკანონო გატაცებები და უკანონო ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ ქართული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს რათა საქართველოს მოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს.
გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს არანაირი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე და ცენტრალური ხელისუფლების, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს", - განაცხადა ახვლედიანმ.
ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლომ დამნაშავედ სცნო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს "ძალადობის აქტს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის მიმართ" და ასევე, 322-ე მუხლით, რაც გულისხმობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას. ეხო კავკაზას ცნობითვე, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.