logo
ENG



საგარეო საქმეთა სამინისტრო: გაერომ ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

17 ივნ 202110:44
3 წუთის საკითხავი
clock 726
2021/06/17/lbuynv64r8888g2.jpg

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარდა ჰუმანიტარული კონტექსტისა, პრაქტიკული დატვირთვაც ექნება - ყოველწლიურად მომზადდება გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ.

„აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. 

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


close დახურვა