logo
ENG



საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

10 აპრ 202213:27
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგი უკანონო აქტია, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

"მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას.

საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ამასთან, არანაირი სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ უკანონო ნაბიჯზე". - აცხადებს უწყება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვის დაპირება ორი ე.წ რეფერენდუმის ჩატარებაა - პირველი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

ბიბილოვის გარდა, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე არიან "პარტია ნიხას-ისლიხერი, ალან გაგლოევი, ე.წ პარლამენტის ყოფილი ე.წ დეპუტატი დმიტრი ტასოევი, მოქმედი ე.წ დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ ლიევი

ე.წ საარჩევნო უბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც გაიხსნა. 

რეგისტრირებულია 32 ათასი "ამომრჩეველი". 


close დახურვა