logo
ENG



საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

26 ნოე 202022:35
3 წუთის საკითხავი
clock 474
2020/11/26/42lz6ipmiri64tx.jpg

27 ნოემბერს, 17:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული, ილიჩოვა და მელაშვილი ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნების წინ "საკუთარი პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებისთვის დააკავა".

"საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც კარტოგრაფები მუშაობდნენ, ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს, რაც ამორალობის ახალი საფეხურია ქართული ოცნების პირობებშიც კი. დოკუმენტაციის გაცნობაზე უარი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გამოძიება ფორმალობაა და რეალურად ხელისუფლებამ ორი ადამიანი გაწირა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობით მოიპოვა. 

დაკავებული კარტოგრაფების დაცვის მხარე ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის უფლებას ითხოვს, თუმცა, სასამართლომ ადვოკატებს ამის ნებართვა არ მისცა. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, მთელი სახელმწიფო აპარატი პროცესების წარმართვაში დაცვის მხარეს ხელს უშლის. 

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ ედავება უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას. უწყება მათ ედავება აზერბაინჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა. 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 


close დახურვა