სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგინდა, რომ 2023 წლის 6 ივლისს, ფორმულას ოპერატორი სულხან ჭკადუა საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
უწყების ინფორმაციით, ამავე ადამიანმა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და მთავარი არხის ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება.
ჩატარებული გამოძიებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მ.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის, ჩადენისთვის დააკავეს.
6 ივლისს საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ჟურნალისტებს ქართული ოცნების ორგანიზებული ჯგუფი თავს დაესხა. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფორმულას ოპერატორს, სულხან ჭკადუას.
საგარეჯოში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს ხვდებოდა, ადგილზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ჯგუფი გამოჩნდა. მათ შეკრებილებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ქვები დაუშინეს, დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და აგინეს.
ფორმულამ შეძლო თავდასხმაში მონაწილეების ნაწილის იდენტიფიცირება - ესენი არიან საგარეჯოს საკრებულოს წევრები, თანამდებობის პირები და მერიის თანამშრომლები.
თავდამსხმელებს შორის არიან: ვანო ბეჟიაშვილი - საკრებულოში ქართული ოცნების თავმჯდომარე, ასევე გიორგი მამისეიშვილი - საკრებულოს წევრი, ლევან იოსელიანი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვეფხვია უსტიაშვილი - საკრებულოს წევრი, გიორგი ქურდოვანიძე - მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი.
30 ივნისს ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ენმ-ს კასპშიც.