logo
ENG



საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

15 ივლ 202317:26
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. პროკურორის თქმით,  მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები - რომ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, სრულად გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის განმარტებით  ბრალდებულისთვის "ჟურნალისტების საქმიანობა მიუღებელია" და არსებობდა საფრთხე, რომ მომავალშიც იძალადებდა მედიის წარმომადგენლებზე.

დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს. მან სასამართლო  პროცესზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, რადგან საგარეჯოში დაპირისპირების დროს ჟურნალისტებმა ის "გამოიწვიეს". ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

"ბრალდებულისთვის, ზოგადად საქმის მასალებიდან გამომდინარე, ჟურნალისტების საქმიანობა არის მიუღებელი და შესაბამისად, მომავალშიც, ნებისმიერ დროს, შესაძლოა, ჟურნალისტების მიმართ განახორციელოს ძალადობრივი ქმედებები და აღნიშნული დაადასტურა კიდეც ბრალდებულმა, როცა სასამართლო პროცესზე გააჟღერა თავისი პოზიცია და ასე ვთქვათ, თავის გამამართლებლად მოიყვანა ის გარემოება, რომ ჟურნალისტებმა გამოიწვიეს იგი, მოახდინეს მისი პროვოცირება და სწორედ ამიტომ იძალადა მათზე" – განაცხადა საქმის პროკურორმა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს განაცხადა, რომ საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

6 ივლისს საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ჟურნალისტებს ქართული ოცნების ორგანიზებული ჯგუფი თავს დაესხა. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფორმულას ოპერატორს, სულხან ჭკადუას.

საგარეჯოში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს ხვდებოდა, ადგილზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ჯგუფი გამოჩნდა. მათ შეკრებილებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ქვები დაუშინეს, დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და აგინეს.

ფორმულამ შეძლო თავდასხმაში მონაწილეების ნაწილის იდენტიფიცირება - ესენი არიან საგარეჯოს საკრებულოს წევრები, თანამდებობის პირები და მერიის თანამშრომლები.

თავდამსხმელებს შორის არიან: ვანო ბეჟიაშვილი - საკრებულოში ქართული ოცნების თავმჯდომარე, ასევე გიორგი მამისეიშვილი - საკრებულოს წევრი, ლევან იოსელიანი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვეფხვია უსტიაშვილი - საკრებულოს წევრი, გიორგი ქურდოვანიძე - მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი.

30 ივნისს ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ენმ-ს კასპშიც.


close დახურვა