logo
ENG



სადრაძე მელიაზე: არ არსებობს სხვა ალტერნატივა, პატიმრობის გარდა

17 თებ 202114:56
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა მელიას საქმის ერთ-ერთი პროკურორი, მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ნიკა მელიამ კანონი დაარღვია, რაც ფაქტობრივი მოცემულობაა, შესაბამისად, პატიმრობა ერთადერთი გამოსავალია. 

"როცა გვაქვს მსგავსი ფაქტობრივი მოცემულობა, უნდა იქნეს გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. სწორედ ამ მოთხოვნას ვაყენებთ, რომ შეიცვალოს გირაო პატიმრობით. ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოს შეუძლია, გაიზიაროს ან ერთი, ან მეორე მხარის პოზიცია და დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა". - თქვა მიხეილ სადრაძემ. 

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 17 თებერვალს, 16:00 საათზე იმსჯელებს. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელია სწორედ ამ თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. 

საქმეს კი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთ პოლიტიკურ საქმეზე მიიღო ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილება. 

2019 წლის ივლისში 20 ივნისის ღამის საქმეზე ჩახნაშვილმს არც ერთი პირი, მათ შორის არც მაკო გომური, დაზარალებულად არ ცნო და ეს გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო.

ამავე წელს, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა. 

ასევე, 2020 წლის აპრილში ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის გამო ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თელავის სასამართლოში, ერთწლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მიღებამდე, ჩახნაშვილი 2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.


close დახურვა