საქართველოში დასავლური ქვეყნების წარმომადგენლობები აცხადებენ, რომ ჩატარებული პრაიდის კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერება უნდა მოჰყვეს.
ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, იაპონიის, ისრაელის, საფრანგეთის, შვედეთისა, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები საქართველოში.
"მივესალმებით 2022 წლის პრაიდ კვირეულის ჩატარებას. ვულოცავთ თბილისი პრაიდს და სხვა სათემო ორგანიზაციებს ამ წარმატებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მხარს ვუჭერთ მათ სამოქალაქო უფლებას შიშისა და შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით". - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოები მიუთითებენ, რომ პრაიდის კვირეულის აღნიშვნა საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს და ბევრ სხვა სტრესულ ვითარებას გულისხმობს.
ისინი მადლობას უხდიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც უზრუნველყვეს უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე, მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ჩართულობას კვირეულის მომზადებისა და კოორდინირების პროცესში.
ამასთან, ელჩები ხაზს უსვამენ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობას და "შეახსენებენ საქართველოს მთავრობას, რომ ამ დღის მოვლენები სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო ძალადობის წამქეზებელი და ჩამდენი ყველა პირი უნდა წარდგეს კანონის წინაშე".
"საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს მრავალფეროვნებას და მიაჩნიათ, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ეს სოციალური ცვლილება სახელმწიფოს პოლიტიკასა და პრაქტიკაზე უნდა აისახოს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულოს ამ მხრივ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და სათანადოდ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, მათი შესაძლებლობის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, რასობრივი მიკუთვნების, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად.
ვადასტურებთ მზაობას და ვაგრძელებთ ჩვენს ხელშეწყობას, რათა საქართველომ დაიცვას ლგბტქი+ თემის უფლებები, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა, გააძლიეროს ლგბტქი+ ადამიანების სოციალური დაცვა, შეამციროს მათი უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე და უზრუნველყოს განათლებაზე, დასაქმებასა და ჯანდაცვაზე წვდომა". - წერია ელჩების ერთობლივ განცხადებაში.
თბილისი პრიდის კვირეული გასულ კვირას, 28 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. 2 ივლისს ფესტივალი დაიგეგმა. ძალადობრივი ჯგუფები დილიდან მობილიზებულები იყვნენ მის ჩასაშლელად.