logo
ENG



საერთაშორისო გამჭვირვალობა: ანტიკორუფციულის გამო ჩვენი სახელით არჩევნებს ვერ დავაკვირდებით

30 სექ 202414:05
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან, თუმცა ხმების დასაცავად ინდივიდუალურ ბრძოლას აგრძელებენ.

მათი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო.

ორგანიზაციის განცხადება:

"გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თუმცა, ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი პარტიის საარჩევნო სუბიექტთან გათანაბრებულ პირად არის ამ დრომდე მიჩნეული, მაშინ როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის. ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე გვავალდებულებს სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო არ აღიარებს აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ აღნიშნულ სტატუსს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ორგანიზაცია და არც ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს. ასევე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს. ამდენად, არ ვაპირებთ ქართული ოცნების ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ დაანონსებული კოალიციური დაკვირვებისა და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი არ გაგვიუქმეს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას უშუალოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ. ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს თითოეული თანამშრომელი გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და ინტელექტუალურ რესურსს, რათა სადამკვირვებლო მისიას ჩემი ხმა და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დავეხმაროთ არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში. ჩვენ ეს ბარიერები არ გაგვაჩერებს.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისათვის! ჩვენ დავიცავთ ყველას ხმას!"


close დახურვა