საერთაშორისო თუ ადგილობრივი ზეწოლის შედეგად "ქართულ ოცნებას" ოპოზიციასთან დიალოგი მაინც უწევს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დღეს პარლამენტში იმყოფებოდა. ელჩი კარლ ჰარცელი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს. ხვალინდელი შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის სწორედ დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით შედგება.
განხილვის მთავარი თემა ე.წ. გერმანული მოდელია. "ქართული ოცნება" დიალოგის წინ წინასწარ აცხადებს, რომ ეს მოდელი არაკონსტიტუციურია. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ამის მტკიცებით, ხელისუფლება ხვალ უკვე მეორედ მოატყუებს პარტნიორებს. უკან დასახევ გზას ივანიშვილის გუნდი გერმანული მოდელის ინიცირების შემთხვევაშიც ტოვებს. კერძოდ კი, მაჟორიტარების მეშვეობით, ისინი ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგები არიან.
ევროკავშირის წარმომადგენლისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა დახურულ ფორმატში შედგა. "ფორმულას" ინფორმაციით, მართველი გუნდი ცდილობს ელჩები დაარწმუნოს რომ „გერმანული მოდელი" გამოსავალი არ არის. თუმცა ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა ისევ თქვა, რომ დღის წესრიგში ამ მოდელის არსებობა მნიშვნელოვანია. ფსევდო ამბოხებულები დღესაც ამტკიცებენ რომ კომპრომისი გამორიცხულია და გერმანული მოდელი მიუღებელი. იმის მიუხედავად რომ ეს მოდელი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ გულისხმობს. ოპოზიცია ხვალინდელ შეხვედრას „ოცნების" მხრიდან კომპრომისად მიიჩნევს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება დიალოგზე შიდა და გარე პოლიტიკური ზეწოლის გამო მიდის.
ქართულმა ოცნებამ ფსევდო ამბოხის მოტივით საკონსტიტუციო ცვლილება 14 ნოემბერს ჩააგდო. შეუსრულებელ პირობას იმავე დღეს გამოეხმაურა დიპლომატიური კორპუსი. ელჩებს იმედგაცრუება არ დაუმალავთ. შემდეგ იყო არაერთი კონსულტაცია პარტიის ხელმძღვანელებთან - მათ შორის პირადად ბიძინა ივანიშვილთან. ორკვირიანი მცდელობის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებამ შედეგი გამოიღო - „ოცნება" დიალოგს დასთანხმდა. ამ გადაწყვეტილებას დღეს ჯეიმს აპატურაი ტვიტერშიც გამოეხმაურა. ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხვალინდელ შეხვედრას მიესალმება.