logo
ENG



საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დონის კრიტიკა პირველად ვნახეთ - ანა დოლიძე Freedom House-ზე

06 მაი 202018:02
3 წუთის საკითხავი
 

„საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს დასახელება, როგორც ნახევრად ავტორიტარული და ავტოკრატიული რეჟიმის, პირველად ვნახეთ“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძემ Freedom House-ის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებულია.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ანგარიშში სასამართლოში მიმდინარე მოვლენები ნახევრად დემოკრატიული და ავტოკრატიული რეჟიმების მაგალითად არის მოყვანილი.

„გაფრთხილებაა გაკეთებული მაგალითად პოლონეთის მიმართ, რომ პოლიტიკურად სასამართლოს გამოყენება, მაგალითად როგორც საქართველოში, ხდება ავტოკრატიულ და ნახევრად ავტორიტარულ რეჟიმებში. საქართველოს დასახელება, როგორც ნახევრად ავტორიტარული და ავტოკრატიული რეჟიმი, ასეთ დონეზე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პირველად ვნახეთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანგარიშთან დაკავშირებით შეფასებები მესამე სექტორშიც გააკეთეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების სისტემა ჩააგდო, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ასეთ შინაარსის ანგარიშები მოსალოდნელი იყო.

„როდესაც ჩააგდო მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები, მაშინვე ვამბობდით, რომ ყველა ანგარიშში, იქნება ეს საერთაშორისო პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საქართველოს მეგობარი ქვეყნები, ყველა ამ ანგარიშში ვნახავდით მინიშნებას არჩევნების კონტექსტში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ეს გადაწყვეტილება. ასევე გადაწყვეტილება, ბატონი თადუმაძის გენერალური პროკურორობიდან უზენაეს სასამართლოში გადაყვანაზე, როგორც ქვეყნის მთავარი სახელმწიფო ბრალმდებელი მხარს უჭერდა გიგი უგულავას მიმართ განაჩენის გამოტანას, უკვე მოსამართლის რანგში აფორმებდა ამ ყველაფერს“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

Freedom House-ის ანგარიშში არსებულ კრიტიკას სამწუხაროს უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი, თუმცა აღნიშნავს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინება ქვეყანას ვითარების გამოსწორებაში დაეხმარება.

 „სახეზე გვაქვს სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, პრობლემები სასამართლოში, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ასე შემდეგ. მე რაც მომხვდა ყველაზე ძალიან თვალში, ეს არის ის, რომ საქართველო ერთგვარად მაგალითადაც არის მოყვანილი ცუდ მაგალითად, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სხვა ქვეყნებში მოვლენები. ეს სამწუხაროა, თუმცა მეორე მხრივ, ეს არის რეცეპტები ყველაფერი იმისა, რაც უდნა შეიცვალოს“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.

„დემოკრატიული ფასადის ვარდნა გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებში“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „ფრიდომ ჰაუსმა“. დოკუმენტის თანახმად საქართველოში დემოკრატია გაუარესებულია და მისი ქულა 3 მთელ 5 მეათედამდე ჩამოვიდა. 25-გვერდიან ანგარიშში საუბარია ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე და დაკავებებზე, მაგალითებად კი მოყვანილია მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალდებები და გიგი უგულავას დაპატიმრება. დოკუმენტში ნახსენებია უვადო მოსამართლეებიც და ნათქვამია რომ პარლამენტში მათ დანიშვნას წინ უძღოდა არასათანადო და არაპროფესიონალური პროცესი. ფრიდომ ჰაუსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მთვრობამ არ შეასრულა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება, რასაც ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი მოყვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ სისტემის შემოღება ქართული ოცნების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსს შეამცირებდა.


close დახურვა