logo
ENG



საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილს აკრიტიკებენ - ხელისუფლება პოზიციას არ ცვლის

27 ნოე 201919:37
3 წუთის საკითხავი
 
0zuuibyqef2y0we.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. სავარაუდოა, რომ დიპლომატმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია გააცნო. ამ აუდიენციას წინ სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება უძღოდა. განცხადების თანახმად, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ამერიკის მთავრობა ყურადღებით აკვირდება. 

"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას და მხარეებს მოუწოდებს, ესკალაცია თავიდან აიცილონ. ამ განცხადებამდე ამერიკის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მაშინ დიპლომატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო იმედგაცრუება გამოხატეს. დათმობებზე წასვლას და გამოსავალს ხელისუფლებას ადგილობრივი აქტორებიც სთავაზობენ. კონსტიტუციონალისტები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ფონზე ხელისუფლებას საერთაშორისო იზოლაციაში  მოქცევას უწინასწარმეტყველებენ. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადებიდან რამდენიმე საათში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. კონსულტაციები ამჯერადაც დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ „ოცნებას" განცხადება არ გაუკეთებია. მხოლოდ დაადასტურეს, რომ მოლაპარაკების თემა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო. 

საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, „ქართული ოცნება" უკან დახევას არ აპირებს. მართველი გუნდი დღესაც ამბობს, რომ სამართალდამცველები იმოქმედებენ შესაბამისად თუ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება შეფერხდება. ამასთან, მათივე თქმით, დამნაშავე ისევ ოპოზიციაა. ხელისუფლება შექმნილ კრიზისში პოლიტიკურ პარტიებს ადანაშაულებს.

ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ორი თვის თავზე ეს პირობა არ შეასრულა - საკონსტიტუციო ცვლილებები ფსევდო ამბოხით ჩააგდო. სწორედ ამას მოჰყვა მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. 

სახელმწიფო დეპარტამენტამდე კრიტიკული პოზიცია ამერიკის საელჩომ გამოხატა; განცხადებები გაკეთდა კონგრესსა და ევროპარლამენტშიც. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ პარტიის ხელმძღვანელებს - მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც. თუმცა „ოცნება" გადაწყვეტილებას ჯერ ისევ არ ცვლის. 

 


close დახურვა