ბრიტანელი სამართალდამცველები შოკისმომგვრელ დანაშაულს იძიებენ. დღეს ცენტრალური ლონდონიდან 32 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ გრეისის ინდუსტრიულ ზონაში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულები, სავარაუდოდ, მიგრანტები არიან, თუმცა რომელი ქვეყნიდან უცნობია. გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ვერსიით, ჰიპოთერმია გახდა, რადგან სატვირთო განყოფილებაში ჰაერის ტემპერატურა, შესაძლოა, -25 გრადუსი ყოფილიყო. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, 25 წლის სატვირთოს მძღოლი, თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლება ყველა პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და დასჯის პირობას დებს.
ადამიანებით ვაჭრობის ბოლო შემთხვევა, რომელმაც ევროპა შეძრა, 2015 წელს ავსტრიაში მოხდა. მაშინ ავსტრია-უნგრეთის საზღვარზე სამართალდამცველებმა მიტოვებულ სატვირთო ავტომობილში 71 ცხედარი აღმოაჩინეს. ამ საქმეზე რამდენიმე თვის წინ უნგრეთის სასამართლომ 4 ეჭვმიტანილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.