საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს გადაცემების დახურვისა და რესტრუქტურიზაციის სხვა პროცესების მიზეზებს და ამავდროულად, კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს "რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზებას."
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზრდილი კაპიტალური ხარჯების გამო, ცვლილებები ტელევიზიაში "სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს."
პირველი არხი ასევე აცხადებს, რომ დავით გორგილაძის გადაცემასთან ერთად, იხურება კიდევ შვიდი პროექტი. კერძოდ:
- იხურება სრულად არხი "ტელესკოლა"
- "დღის კოდი"
- "ფერმა"
- "თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად"
- "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ"
- "ნატალიასთან და დათუნასთან ერთად"
- "კაცები"
განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიცვალა მაუწყებლის დაფინანსების მოდელი და წესი. ასევე ცნობილია, რომ 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, ეს კი უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს.
არსებული მოცემულობა ახალი რეალობის წინაშე აყენებს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს უწყვეტი მაუწყებლობა, შეასრულოს ნაკისრი შინაარსობრივი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, შეცვალოს დაგეგმილი პროგრამირება.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ყველა გადაცემა ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია. მრავალფეროვნება – ინფორმირება, შემეცნება, გართობა და სპორტი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვაკუთხედია, ითვალისწინებს ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნების დაკმაყოფილებას და გამორიცხავს გადაცემების პოლიტიზებას.
არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამები და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.
კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით.
ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან."
***
15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოპულარული გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. როგორც წამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს.
დათო გორგილაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია პირადი აზრი სხვადასხვა საკითხზე. ის ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებდა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. არსებული კანონით, დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება. მაგალითად, 2021 წელს დაფინანსება 69,6 მლნ ლარს შეადგენდა.
ახალი კანონის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით 15 დეკემბერს დაუჭირა მხარი, დაფინანსების წესი იცვლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.
კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.