პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიის 9 წევრიდან 4 "იმედის" თანამშრომელია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 11 წევრია, რომელთაგან 3-ს ვადა ეწურება. შესარჩევი კომისიის წევრები იქნებიან:
- დავით მაღლაფერიძე - რადიო "იმედის" პროგრამების დირექტორი;
- მაკო ჯაოშვილი - მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის, "ალტერბრიჯის" ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
- გოდერძი შარაშია - "იმედის" ჟურნალისტი, ტელეწამყვანი;
- ნინო მეუნარგია - "იმედის" ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის, "ჩვენ აქ ვართ" წამყვანი და ავტორი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი;
- ოთარ ტატიშვილი - კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი, ექიმი, პროფესორი, "იმედის" ტელეწამყვანი;
- ნინო კაკულია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ "თბილისის" რედაქტორი, ჟურნალისტი;
- გედევან ჯინჭარაძე - ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი, ფოლკლორისტი;
- მარიამ გვიდიანი - ა/ო "ქალების ხმა - დემოკრატია და უსაფრთხოება" - აღმასრულებელი დირექტორი;
- გივი აბესაძე - ფოლკლორული ანსამბლის, "დიდგორის", სოლისტი.
საკითხი პარლამენტში სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
"კონსულტაციების შედეგად, შერჩეულია შემადგენლობა. მათ შორის, ოპოზიციასაც ჰქონდა შეთავაზება, რომ წარმოედგინა კომისიისთვის საკუთარი კანდიდატურები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი მხრიდან არავინ იყო წარდგენილი. ასევე, შეთავაზება ჰქონდა სახალხო დამცველსაც, რომელმაც კომისიის წევრობის კანდიდატი დაასახელა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა კომისიაში ეკა წამალაშვილის კანდიდატურის დამატება ითხოვა, თუმცა მას უარი ეთქვა.
"საკმარისი დროც გქონდათ და შესაძლებლობაც, რომ კანდიდატი წარმოგედგინათ. ახლა არ იქნება კორექტული, რომ შემოთავაზებული სიიდან ვინმე ამოვიღოთ", - თქვა პაპუაშვილმა.
შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს მხარი 80 ხმით, 2-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.