საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამმშროომლების ნაწილის განცხადებით, ისინი ორშაბათს, 23 დეკემბერს , 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პრესკონფერენციას გამართავენ.
პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ითხოვს, რომ საქართველოს პირველმა არხმა დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას.
"28 ნოემბერს ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ამცნო, რომ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ინიციატივით ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადავადდა.
ამ განცხადებას საზოგადოების უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. მას შემდეგ, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ღიად მოვუწოდებთ და ვთხოვთ არხის მენეჯმენტს, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მსჯელობისთვის.
მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომელებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან. მზად ვიყავით და ახლაც ვართ, რომ მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ სატელევიზიო ფორმატების და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის.
ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება", - ნათქვამია თანამშრომლების ნაწილის განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის ცნობით, მათ საჯარო მიმართვებსა თუ ოფიციალურ წერილს მენეჯმენტისგან საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება არ მოჰყოლია.
თანამშრომლების ნაწილის განცხადებით, მათ სატელევიზიო პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი იიღეს.
"ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ვიაზრებთ ჩვენს როლს და პროფესიულ ვალდებულებას ზოგადად და განსაკუთრებით ქვეყნისთვის ამ რთულ დროს.
გვჯერა, რომ პროცესის მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გაშუქება და გაანალიზება ჩვენი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ვალია.
მიგვაჩნია, რომ გვაქვს ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, რომ ყოველი ჩვენი მომდევნო ნაბიჯი თუ გეგმა ამ პროცესში იყოს საჯარო", - წერია განცხადებაში.