საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობისთვის ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
პროცესზე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა.
გიორგი მაღრაძე მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ის ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია და დაპირისპირების ადგილზე "შემთხვევით მოხვდა".
გამოძიების ინფორმაციით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა გიორგი მაღრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს ჩაინიშნა.
პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს. მას მაშინ სცემეს, როცა აგრესიული ჯგუფების ქმედებებს იღებდა. ის ათობით ადამიანმა ალყაში მოაქცია და ურტყა ჯოხები და ფეხები. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, მას თვალებში გაურკვეველი ხსნარი შეასხეს და თვალების დაზიანებაც ამან გამოიწვია.
5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ თავდასხმის ბრალდებით შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 23 ადამიანი ჰყავს დაკავებული.