logo
ENG



საზოგადოების 47 პროცენტი ფიქრობს, რომ სასამართლოში ე.წ. კლანი არსებობს

23 ივნ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

როგორ მართავს კლანი სასამართლოს და კლანს ივანიშვილის გუნდი - ამ კითხვას მოსახლეობის განწყობაც პასუხობს. საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების 47 პროცენტი ფიქრობს, რომ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი, ე.წ.-ი კლანი არსებობს.

მათგან, ვინც კლანის არსებობაში დარწმუნებულია, იცის, ვინ მართავს გავლენების ცენტრს. 84 პროცენტის აზრით, სასამართლოს გავლენიან ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები ემხრობიან. კვლევის შედეგების ნახვამ მმართველი გუნდი ისე გააღიზიანა, რომ სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა, კვლევას კი უგვანო უწოდა.

კვლევაში მონაწილე მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს ქართული სასამართლო სისტემა მიკერძოებულია და მას მოსამართლეთა ერთი გავლენიანი ჯგუფი, კლანური პრინციპით მართავს. საზოგადოების აზრი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" იკვლია და ჯამში 1700 რესპონდენტი გამოკითხა. 47% ფიქრობს, რომ სასამართლოს ე.წ. კლანი მართავს. მათი 84% კი დარწმუნებულია, რომ ამ გავლენიანი ჯგუფის მხარდამჭერი პოლიტიკური ხელისუფლებაა. 

კვლევის ავტორების აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის განმსაზღვრელი საუკეთესო ინდიკატორია. მათ მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობაც, 48% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ადამიანების პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებაა გავრცელებული. კიდევ უფრო მეტი ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება,  პროკურატურა, მმართველ პოლიტიკურ ძალას ემსახურება. ასეთია 72%-ის აზრი, რაც კვლევის ავტორების განცხადებით, საგანგაშო მაჩვენებელია. 

მთავრობის ოპონენტების განცხადებით, რომლებიც წლებია, ბიძინა ივანიშვილის გუნდს პოლიტიკურ დევნაში ამხელენ, ამბობენ, რომ ეს საიდუმლო უკვე აღარც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის, სადაც ქართველი პოლიტიკური პატიმრების გვარებს უკვე უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნებიდან ასახელებენ. 

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც მის ოპონენტებად სწორედ სასამართლოს გამო მომხდარი პოლიტიკური განხეთქილების გამო იქცნენ, დღეს თამამად ამბობენ, რომ ე.წ. კლანურ მმართველობასა და ელიტურ კორუფციაზე პასუხისმგებლები მათი ყოფილი თანაგუნდელები არიან. ხელისუფლებამ ცდუნებაზე უარი არ თქვა და ფსონი კვლავ წინა ხელისუფლების ოდიოზურ მოსამართლეებზე დადო. 

ყოფილ თანაგუნდელებსაც და სხვა კრიტიკოსებსაც მმართველი გუნდიდან პასუხობენ, რომ დღეს სასამართლო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც არასდროს. მესამე სექტორის მკვლევარებისგან კი მეტ არგუმენტაციას ითხოვენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დოკუმენტს სარდაფის კვლევა უწოდა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა. სხვა კრიტიკოსების ბრალდებებს კი მათი პოლიტიკური დღის წესრიგით ხსნის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, კვლევის ფარგლებში , თებერვალსა და მარტში 1700 მოქალაქე გამოკითხა.


close დახურვა