logo
ENG



საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა - კალაძე ხაბეიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა

13 მაი 202011:16
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

კალაძემ აღნიშნა, რომ გამზირზე ჭის თავების წამოწევა გზის დაგების ბოლო ეტაპამდე მიზანშეწონილი არ იყო, რადგან ეს ავტომობილების გადაადგილებას გაართულებდა.

რაც შეეხება კორუფციის ბრალდებებს, დედაქალაქის მერს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

„ჩვენ რამოდენიმე დღის წინ უკვე დავიწყეთ უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსიდან გზის მონაკვეთის მომზადება იმისთვის, რომ მოხდეს ასფალტის ბოლო ფენის დაგება. ამისთვის დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება, ეს არის საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა, რასაც კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოჰყვა მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, თუმცა ამის შესაძლებლობას არავის მივცეთ, ისინი თავიანთ სიცრუეში დარჩებიან, როგორც ყოველთვის. ეს მათი ბუნებრივია ადგილია.

"სამუშაოები, რომელიც დავიწყეთ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაახლოებით 300-მდე საკომუნიკაციო ჭა არის ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ჭის თავები წამოწეული რომ დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას, ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა მძღოლებს. ვინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამეთანხმება, რომ სამუშაოების წარმოება ხდება მანამ, სანამ ასფალტის ბოლო ფენა დაიგება გზაზე. ჩვენც მივყვებით ამ კრიტერიუმებს და უკვე იწყება სამუშაოების ბოლო ეტაპი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ ჩართვისას თბილისის მერი კორუფციაში დაადანაშაულა. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ  მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მათ ყველა შესაბამისი დოკუმენტი მიაწოდოს. 


close დახურვა