logo
ENG



საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია - ხელისუფლებამ მოქალაქეები გაუგებრობისთვის გაწირა

21 მაი 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, ხვალ ღამის 12 საათის შემდეგ პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვები მთავრობის გადაწყვეტილებით აღარ გრძელდება. კიდევ რა შეზღუდვები მოიხსნება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, დღეს პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია. გახარიამ მხოლოდ ის თქვა, რომ გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდება.

ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები გაუგებრობისთის და მინიმუმ დისკომფორტისთვის გაწირა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია და ხელისუფლება მოქალაქეებს არ უხსნის რატომ, ან როდემდე. ძალაშია მანქანაში სამ პირზე მეტის ჯდომის აკრძალვაც. ოპოზიციისთვის მავნებლობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა ის, რასაც 3 თვიანი საგანგებო მდგომარეობის დროს აკეთებდა ხელისუფლება. უმწვავეს კრიტიკაზე პასუხის გაცემა პრემიერს პარლამენტში თვის ბოლოს ორჯერ მოუწევს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვები ოპოზიციისთვის უსაფუძვლოა, რაც მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. თუმცა, განსაკუთრებულ საფრთხეს ოპოზიცია უმრავლესობის ინიციატივით ხედავს, რაც მთვრობას საგანგებო მდგომარეობისა და პარლამენტის დამტკიცების გარეშე შეზღუდვების დაწესების საშუალებას აძლევს. მიიჩნევენ, რომ ამ შეზღუდვებს მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. 

პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ შეზღუდვების შენარჩუნებაში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებიც. დეპუტატების ნაწილი კი მიიჩნევს რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნა გაღარიბებულ მოქალაქეებს კიდევ უფრო გააღარიბებს, რადგან საბანკო ვალდებულებებს თავს ვეღარ აარიდებენ. 

შეზღუდვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც, თუმცა მთავრობის განმარტებები მათთვის არასაკმარისია. არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც მიიჩნევენ, რომ საკუთარი ნებით დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს. 

დამატებითი განმარტებები ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ თბილისის მერიაში.

კომენდანტის საათი 23 მაისიდან აღარ იმოქმედებს, თუმცა სხვა შეზღუდვები სავარაუდოდ გაგრძელდება. დეტალები შეზღუდვებზე უმრავლესობის კანონპროექტის პარლამენტში განხილვისას გაირკვევა, თუმცა კანონპროექტი უშვებს, რომ არსებულ შეზღუდვებს მთვრობამ ახალი შეზღუდვებიც დაამატოს, თუ ამის საჭიროებას დაინახავს. 


close დახურვა