logo
ENG



საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შენობა გასაყიდად აუქციონზე სამჯერ გაიტანა, თუმცა არავინ იყიდა

15 მარ 202113:11
3 წუთის საკითხავი
clock 2319
2021/03/15/6drp7lhwqsgd3yu.jpg

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კოსტავას 68 ნომერში მდებარე შენობა აუქციონზე სამჯერ გაიტანეს, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა.

მათი ცნობით, პირველი აუქციონი 40 მილიონი დოლარის საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მილიონ დოლარად გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა.

უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32,4 მილიონ დოლარად მესამედ გავიდა აუქციონზე, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა.

"შემდგომ, დამძიმებული ეპიდვითარების და ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების გამო, მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა აუქციონის პროცედურები", - ამბობენ ტელევიზიაში.

მათი ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას და შენობა აუქციონზე მეოთხედ გააქვს.

გამოცხადდა შესაბამისი აუქციონი (https://eauction.ge/Home/EntityAdminView/697797?fbclid=IwAR0KoiRCx-BLWm41q5_OWWcz3QEZX8XgYr2aru3DyQDJIF45KtlYayTqfyQ)  – ქონება აუქციონზე 96 904 512 ლარის საწყისი ღირებულებით, აუქციონის მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით არის გატანილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობას იშენებს.


close დახურვა