logo
ENG



საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

03 ივნ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, თურქეთის 9 მოქალაქეს, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა ედებათ ბრალად, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატებმა სხდომაზე გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

დაკავებულებმა წარდგენილი ბრალდება აღიარეს და საზღვრის კვეთის მოტივზეც ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ თურქეთში საფრთხე ემუქრებოდათ, რის გამოც საქართველოში ჩამოსვლა და ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა და მასთან გასაუბრებაც იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, გასაუბრება ვერ მოახერხა.

რაც შეეხება იარაღს, რომელიც საქმეში ფიგურირებს, ამაზე ადოკვატები არ საუბრობენ, თუმცა ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იარაღის საქართველოში შემოსვლის შემდეგ შეიძინეს.

ცხრავეს შეეფარდა პატიმრობა, თუმცა არ ვიცით რომელი ფორმალური საფუძვლით იხელმძღვანელა მოსამართლემ. პროკურორი ითხოვდა სამივე საფუძვლით, ეს იყო მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ბუნებრივია, პროკურორმა ვერ დაასაბუთა ვერც ერთი საფრთხე. ძირითადი აქცენტი იყო გადატანილი მიმალვის საფრთხეზე. 2019 წლიდან ეს პირები არიან საქართველოში შემოსულები, რაც ნიშნავს, რომ ისინი არსად წასულან. უფრო მეტიც, მათ ბინა ჰქონდა ნაქირავები ბათუმში და ბინის მეპატრონეებთან ჰქონდათ სამოქალაქო ხელშეკრულება გაფორმებული“, - განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო ბრალდება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება, იმის დასადგენად თუ ვის ეკუთვნის იარაღი, ვინ შეიძინა და რა მიზნით. ამის შემდეგ, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განხილული იქნა თურქეთის 9 მოქალაქის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. გენერალური პროკურატურა ცხრავე მათგანის მიმართ ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა აღნიშნული მოთხოვნა და ყველა მათგანს შეეფარდა პატიმრობა. რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციას, ამ ეტაპზე მათ ბრალად აქვთ წარდგენილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა. დაახლოებით 2019 წლის ბოლოს შემოვიდნენ ისინი უკანონოდ საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, სახლების ჩხრეკისას ამოღებული იქნა რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა პროკურორომა.

ბრალდებულთა ნაწილი გეგმავს, რომ აღკვეთის ღონისძიება გაასაჩივროს და პატიმრობის გაუქმება მოითხოვოს.


close დახურვა