logo
ENG



სათამაშოების ნაკლებობა, თბილი წყლის პრობლემა - ომბუდსმენმა ბაღების საჭიროებები შეისწავლა

09 სექ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 
rchkfks1hbi3htg.jpeg

ინფრასტრუქტურული პრობლემები, საკმარისი სათამაშოების არქონა, თბილი წყლის პრობლემა - ეს იმ საჭიროებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სახალხო დამცველმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გამოავლინა.

ომბუდსმენის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონებში 143 ბაგა-ბაღის მონიტორინგი ჩაატარა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შესწავლის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • არასაკმარისი ფართის გამო, შეზღუდულია ბავშვების საჭიროებები. განსაკუთრებით, არასტანდარტულ შენობებში განთავსებულ საბავშვო ბაღებში
  • საბავშვო ბაღები არ არის სრულად მორგებული შშმ ბავშვების საჭიროებებზე და ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას
  • საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზო არ არის მოწყობილი აღსაზრდელთა საჭიროებებისა და უსაფრთხოების შესაბამისად
  • არასაკმარისია ინვენტარი, რაც განსაკუთრებით მწვავეა საძინებლების, სააღმზრდელო და სასადილო ოთახების საჭიროებებთან მიმართებით
  • საბავშვო ბაღები იშვიათად მარაგდება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით
  • სველი წერტილები არ არის მოწყობილი ბავშვთა და განსაკუთრებით, შშმ ბავშვთა საჭიროებების მიხედვით; ფართობი და ინვენტარი არ შეესაბამება აღსაზრდელთა რაოდენობას. ამასთან, საბავშვო ბაღების ნაწილში სველი წერტილები არ არის უზრუნველყოფილი თბილი წყლით
  • აღმზრდელთა უმეტესობას არ აქვს გავლილი გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ეს ხელს უშლის ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას
  • შემოწმებული საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხებიან შშმ აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2% ჰყავს სპეციალური პედაგოგის კადრი
  • პრობლემურია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც; სოფლების მხოლოდ 13,75%-დან ხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.

სახალხო დამცველი იმედი გამოთქვამს, რომ აღნიშნული მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას.


close დახურვა