logo
ENG



საია: 20 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტისთვის შსს-ს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

06 ოქტ 202316:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/06/9i85ihldqeybzhl.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკატერინე აბაშიძის სარჩელი, რომლის თანახმადაც შსს-ს 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ის დაზარალებულის ინტერესებს, როგორც სასამარლოში, ისე საგამოძიებო ორგანოში წარმოადგენს.

საუბარია ეკატერინე აბაშიძეზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ ანტისაოკუპაციო აქციაზე მუშაობდა, რა დროსაც შსს-ს თანამშრომლის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

"სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა, რომელიც მიმდინარეობს საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საიას დახმარებით 15-მდე პირმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები", - აცხადებენ საიაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის და მოსარჩელე მხარე ზიანი ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ განიხილავს.

 


close დახურვა