logo
ENG



საია: სასამართლომ TikTok-ზე ვიდეო წვრილმან ხულიგნობად, სამართალდამცავის შეურაცხყოფად მიიჩნია

22 ივნ 202320:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/22/d3nb9yriqvbszzc.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ იმ პირის ქმედება, ვინც TikTok-ზე კრიტიკული ვიდეო დადო, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის (ა.ს.კ-ის 166-ე და 173-ე) მუხლების დარღვევად მიიჩნია.

საია-ს თქმით, საკითხისადმი მაღალი ინტერესის გამო ასაჯაროებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებას.

დადგენილების მიხედვით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არეალში ექცევა.

"სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის გინებას არ ჰყოლია კონკრეტული ადრესატი, ამავე დროს, მისივე განმარტებით, პოლიციის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რის გამოც მისი ქმედება არ ექცევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არეალში. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის მიერ 2022 წლის 10 დეკემბერს ჩადენილი ქმედება, კერძოდ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ასახული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულ ქმედებას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული ვიდეო შეიცავს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნანახი იქნა კონკრეტული პოლიციელის მიერ და აღქმული იქნა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა." - წერია სასამართლოს დადგენილებაში.

ა.ს.კ.-ის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით კი სასამართლო უთითებს, რომ "დაცული სიკეთე - საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე შეიძლება ხელყოფილი იქნას როგორც ჩვეულებრივი თავშეყრის ადგილას, ასევე სოციალური ქსელით (რომელიც, როგორც უკვე შეფასდა, საზოგადოების თავშეყრის ადგილია), რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში "TikTok-ის" მომხმარებელი, რომელიც საზოგადოების წევრია, უნდა დავავალდებულოთ, რომ არ შეხედოს, არ წაიკითხოს, არ მოუსმინოს და არ აღიქვას სხვა მომხმარებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოცემულ შემთხვევაში ხულიგნობა), რაც საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს უდავოდ არღვევს".

საია-ს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში.

***

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების პრაქტიკებში გამოიკვეთა ახალი, სახიფათო ტენდენციები, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, TikTok-ის პლატფორმაზე 2022 წლის 10 დეკემბერს განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო კურიერი ირაკლი მილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მილაძემ TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: "ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ". ვიდეოში ის გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ, აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.

საია-ს ინფორმაციით, ამ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ TikTok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ამასთანავე, სასამართლომ განმარტა, რომ სოციალური ქსელი, მათ შორის TikTok, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.

სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ვიდეო შეიცავს "სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე", რაც სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრული ქმედებაა.

ირაკლი მილაძე ყვება, რომ ვიდეოს ჩაწერიდან მეორე დღესვე მისი თვალთვალი დაიწყეს. ორი დღის შემდეგ კი როდესაც მოტოციკლეტით სახლიდან გამოვიდა, მარშალ გელოვანზე აგროჰაბთან გაჩერდა, რა დროსაც მას სამოქალაქო მანქანით პოლიციელები მიუახლოვდნენ. როგორც მილაძე ამბობს, მისი იდენტიფიცირების შემდეგ, პოლიციამ უთხრა, რომ მოტოციკლეტი დაეტოვებინა და მათ მანქანაში ჩამჯდარიყო. მილაძე ყვება, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც სხვა პოლიციელი იღებდა.

"მეუბნებოდნენ, რომ არავინ მაპატიებდა იმ გინებას", - იხსენებს მილაძე.

საია-ს ადვოკატი ჯგერენაია განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა ზემდგომს პატაკით მიმართა. პატაკში ეწერა, რომ სოციალურ ქსელში აღნიშნულ ვიდეოს წააწყდა და მიიჩნია, რომ აქ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ნიშნები.

თბილისის მერია ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ახალგაზრდა კაცი, ირაკლი მილაძე TikTok-ზე თბილისის მერის გინების გამო დაჯარიმდა. მერიაში ამბობენ, რომ ესაა "მორიგი პროვოკაცია" და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

 

close დახურვა