logo
ENG



საია მოზარდის საქმეზე: პოლიციის განყოფილებაში, არასრულწლოვნები ერთმანეთთან დააპირისპირეს

18 დეკ 201915:22
3 წუთის საკითხავი
 
bcfbleo3q2h1kaa.jpg

„მწვანე სკოლის“ მოსწავლე, რომელმაც ლუკა სირაძის მსგავსად, თვითმკვლელობა სცადა, პოლიციაში დაკითხვაზე ლუკა სირაძესთან ერთად იმყოფებოდა - განცხადებას ამის შესახებ საია-ში აკეთებენ. როგორც ორგანიზაციის ადვოკატი აცხადებს, დაკითხვაზე, მოზარდები ერთმანეთს დააპირისპირეს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი არ ცნობს და ეს უკანონო ქმედებაა. 

„15 წლის გარდაცვლილი მოზარდის გამოკითხვის დროს, პოლიციის განყოფილებაში, არასრულწლოვნები ერთმანეთთან დააპირისპირეს. ამას არ ცნობს სისხლის სამართლის კოდექსი და არის უკანონობა. ამ დროს განიცადა არაამარტო ლუკამ, არამედ სხვა არასრულწლოვნებმაც. ამ ეტაპზე მასალებით დგინდება, რომ კიდევ ორი არასრულწლოვანი იყო. რაც შეეხება იმას, რომ კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა მიიყენა თვითდაზიანება, საქმის მასალებით, ისიც ერთ-ერთი გამოკითხულია. როგორც ჩანს, მან ეს სტრესი პოლიციელთან დაკისთვისგან მიიღო. ახლა უნდა დადგინდეს, ვინ იყო ის სამი პოლიციელი, რომელიც მარინე ჩოლოიანთან ერთად ახორციელებდა დაკითხვას“, - აცხადებს ადვოკატი რევაზ აჭარაძე.

მეორე მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

აღნიშნულ საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი, ბავშვის გარდაცვალებიდან, რამდენიმე წუთში დააკავა. იგეგმება თუ არა სხვა პირების დაკავება, გამოძიების ინტერესებიდან გამომძინარე, შესაბამისი სამსახური არ აკონკრეტებს.

 

 


close დახურვა