logo
ENG



საია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

30 ოქტ 202414:43
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციამ (საია) გუშინდელი საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სია შეაჯამა. ისინი 3111 უბნიდან 2263-ის ბათილად ცნობას ითხოვენ. მათივე თქმით, ეს ის უბნებია, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ასევე, პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ამომრჩევლის ხმის ფარულობას ეხება. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ, ბრიფინგზე ისაუბრა.

ქურდოვანიძის განცხადებით, წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს, "რადგან ტექნოლოგიური უბნების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

ასევე, საია-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი მასშტაბურად დაირღვა და ამრიგად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მოქალაქეების არჩევნის ფარულობა.

"საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს, მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც ამასთანავე არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. ხმის მიცემის ფარულობა არის საარჩევნო კონსტიტუციის ძირეული კომპონენტი, რომლის დარღვეევის შემთხვევაშიც, უფლების დარღვევა ფიქციური ხდება და ეს არის გარანტია, რომ ადამიანის არჩევანი იყოს ფარული. ამ პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არჩევნის ფარულობა", - განაცხადეს საიას წარმომადგენლებმა.

საია-ს განცხადების თანახმად,  ეს პრინციპი ეწინააღმდეგება ეუთოს რეკომენდაციასა და ვენეციის კომისიის შეფასებებს. ასევე, მათ თქვეს, რომ ეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები საარჩევნო ყუთებს პირდაპირ გადაჰყურებდა, ამასთან ერთად, შესაბამისი სისქის არ იყო, რაზეც არჩევნებამდე, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, ცესკოსაც მიმართეს.

"თითქმის ყველა უბანზე დამონტაჟებული იყო კამერები, ქართული ოცნების მიერ და ეს კამერები ძირითადად უყურებდა ყუთს, სადაც ბიულეტენი თავსდებოდა. ბიულეტენების სისქე კი არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ უკანა მხარეს არ დაეტოვებინა შესაბამისი კვალი. ესეც არღვევდა მასშტაბურად ფარულობას.

არჩევნებამდე ცესკომ ჩაატარა სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები, გამოიყენეს ბიულეტენის მსგავსი ქაღალდი, რომელიც ჩვენი დაკვირვების შედეგად, სათანადო ხარისხის არ ყოფილა და მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წერილით, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით. მათი პასუხით, სასწავლო ეტაპზე გამოყენებული იყო სხვა ხარისხის ქაღალდი, ხოლო არჩევნების დღეს სხვა ხარისხის ფურცელი იქნებოდა. ეს პირობა არ შესრულდა.

ჩვენ ვითხოვთ, ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას, რაც გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას. მივმართეთ პროკურატურას გამოძიება დაიწყოს ხმის ფარულობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, არჩევნებამდე 11 საჩივარი წარადგინა, არჩევების დღეს კი 589. ასევე, ისინი 480 უბნის ბათილად ცნობასა და ხელახლა გადათვლასაც ითხოვენ.


close დახურვა