logo
ENG



საიას ანგარიში: ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, ძალადობრივი ქმედებები, სამედიცინო აქციები

17 სექ 202015:00
3 წუთის საკითხავი
clock 821
68n3oal6oeopzb8.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

საია-ს დამკვირვებლებმა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან დააფიქსირეს სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 5 შემთხვევა მათ შორის, COVID-19-ის შედეგების აღმოფხვრის ანტიკრიზისული გეგმა:

ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო მოსყიდვის 5 შემთხვევა;

ძალადობრივი ქმედებების, დაძაბული არჩევნებისწინა გარემოს შექმნისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლის 6 შემთხვევა;

"განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიით გამოწვეული კრიზის დასაძლევად გადადმული ნაბიჯები, რაც რიგ შემთხვევებში, კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შეზღუდვების ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარ აქტივობებში საჯარო რესურსი გამოიყენა", - ნათქვამია საია-ს ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სადამკვირებლო პერიოდში ქართული ოცნების, ლელოსა და პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები დაფიქსირდა.

"წინა არჩევნების მსგავსად, საიას სადამკვირვებლო მისიისთვის ძალადობრივი ქმედებისა და არჩევნებისწინა პერიოდში დაძაბული გარემოს შექმნის რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი. მაგალითად, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს ლელოსა და მოძრაობა ხალხისთვის არ მიეცათ არჩევნებისწინა აქტივობების გამართვის საშუალება, რამაც ისედაც დაძაბული გარემო, კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა.

სხვა ფაქტები შეეხებოდა ისეთ შემოწირულობას, რომლის კანონიერებაზეც კითხვები არსებობს, ასევე, პარტიის რეგისტრაციას, არჩევნებით მანიპულირებას, პარტიების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას", - აცხადებენ საია-ში. 

კონკრეტულად, საია-ს ანგარიშში მოხვდა სახელმწიფოს მხრიდან ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების ზრდა, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქალაქეებისთვის დავალიანების ჩამოწერა, ლელოს მხრიდან სამიზნე ჯგუფებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა, ქართული ოცნების მიერ სენაკში განხორციელებული უფასო სამედიცინო აქცია, ქართული ოცნების მიერ ქობულეთში ბოსტნეულის უფასო დარიგება, პატრიოტთა ალიანსის მიერ ბათუმის თეატრის მსახიობებისთვის პროდუქტების დარიგება, მოჭიდავეების მობილიზება აჭარაში, ენმ-ის ოფისის დარბევა გორში, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება, ბათუმის მერის გადადგომა და ა.შ.


close დახურვა