logo
ENG



საკონსტიტუციოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება

03 ოქტ 202319:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/03/o25tmns9fvuzf7l.png

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 4 ოქტომბერს გააგრძელებს. განხილვა 11:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელი პროცესი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს. 

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.

საქმეს პლენუმი განიხილავს. სასამართლო პროცესზე როგორც წარდგინების ავტორებს, ისე საქართველოს პრეზიდენტს ელოდება. 

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.


close დახურვა