საკრებულოს თავმჯდომარის, ბექა დავითულიანისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა დასრულდა, შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, მათი ერთადერთი მოთხოვნა ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გაშვებაა.
„ჩვენ ერთადერთი მოთხოვნით შევედით პრესასთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარესთან და ეს მოთხოვნა არის შემდეგი, როცა ემიჯნებიან მის განცხადებას გარიცხონ პარტიიდან, დაატოვებინონ მანდატი და გააგდონ საკრებულოდან ერეკლე კუხიანიძე, ადამიანი რომელმაც შეურაცხყო ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც არის ოკუპანტების ტყვეობაში, თუ ამას არ იზამენ მაშინ ეს არის ლეგიტიმაცია იმისი, რომ ოკუპანტებმა აიყვანეს ტყვედ ვაჟა გაფრინდაშვილი. ამბობენ, რომ უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარდეს, ჩატარდეს დღესვე უმრავლესობის სხდომა და გააგდონ ეს ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამიანებს ეს ლეგიტიმაცია არ აქვთ, რომ კუხიანიძე მოაშორონ საკრებულოს“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, პროტესტი ამ თემაზე გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო შედეგს არ მიაღწევენ
„პირველ რიგში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ვაჟა ექიმის საკითხი და კუხიანიძის საკითხი ცდება პარტიული დაპირისპირების ფარგლებს, არ შეიძლება ოპოზიციის ჯინაზე ილაპარაკო, რომ თქვენ ჯინაზე არ მოვხსნი, ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა, ეს არ არის ჩვენ ჯინაზე ან ჩვენ საკეთილდღეოდ, დღეს საქართველოს სახელმწიფოში ყველა უნდა თანხმდებოდეს, იმაზე, რომ ვაჟა ექიმის შეურაცხყოფა არის მიუღებელი და დაუშვებელი. ამ შეხვედრაზე ჩვენ არათუ ვერ მივიღეთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ პოზიცია, არამედ პირადი პოზიციაც ვერ მივიღეთ გარდა იმისა, რომ ემიჯნებიან. უნდათ თუ არა რომ გარიცხონ პარტიიდან ესეც არ გვითხრეს, ეს არ არის ოპოზიციის საკითხი, შეიკრიბონ სწრაფად, მიიღონ გადაწყვეტილება და აიღონ პასუხისმგებლობა ან თვითონაც არიან კუხიანიძეები. ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებთ პროტესტს, პროტესტი ვერ დასრულდება სანამ არ იქნება შედეგი“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოში დღეს შუადღიდან ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, გათავისუფლდეს ერეკლე კუხიანიძე დაკავებული თანამდებობიდან.