„როცა ლიდერები მიჯნავენ მედიას დაბალ რგოლში, ამას ნორმად აღიქვამენ“, - ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.
გადაცემის ერთ-ერთი თემა "TV პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის, გუშინ, "ქართული ოცნების" აქციაზე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება იყო. მათ ინტერესებს სწორედ საია დაიცავს. გარდა ამისა, სალაძე მიიჩნევს, რომ თუ არ შეიქმნება პასუხისგებაში მიცემის პრეცედენტი, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები განმეორდება.
„აუცილებლლად მივყვებით ამ გამოძიებას ბოლომდე. ის რომ გამოძიება დაწყებულია კონკრეტული მუხლით, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიყოთ კმაყოფილები. არაერთი შემთხვევა გვახვსოვს, როცა იწყება გამოძიება და როგორც წესი ეს საქმეები არ მიდის ბოლომდე. ეს არის მუხლი, რომელიც ვიღაცისთვის წერია სისხლის სამართლის კოდექსში, მაგრამ რეალურად ამის გამო, კონკრეტულად, მმართველ პარტიასთან ასოცირებული ადამიანები, არ აგებენ პასუხს. ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა, საკმაოდ ადრე იწყება. ხელისუფლებები შედიან აზარტში, როცა თვლიან რომ ვიღაცას უფლება აქვს კამერას ააფაროს ხელი, მერე მიკროფონი წაართვას, მერე თავში ჩაარტყას, ეს ასე ნელ-ნელა იკრებს ძალას და ასე გაგრძელდება, სანამ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. როცა გამოძიება იწყება და არ მიდის ბოლომდე და კონკრეტული პირები არ აგებენ პასუხს, პოტენციური დამნაშავეებისთვის წამახალისებელი სახე აქვს. ისინი იგებენ ისე, რომ ეს არის ნორმა, როცა შენ შეგიძლია ჟურნალისტს, ოპერატორს, მოექცე ისე, როგორც მათ უნდათ. ჟურნალისტები დაყონ, ზოგ სტუდიაში მივიდნენ სტუმრად, ზოგში არა. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ფორმით პარტიის ლიდერები საუბრობენ და მიჯნავენ მედიას, უფრო დაბალ რგოლში ამას აღიქვამენ ნორმად. ჩვენ მივყვებით ამ საქმეს ბოლომდე და ვნახავთ ეს არის გამოძიება გამოძიებისთვის, თუ გამოძიება მზად არის კონკრეტული პირები მისცეს პასუხისგებაში“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ "ტვ პირველის" ჟურნალისტს სალომე თითმერიას და ოპერატორს ბექა მარჯანიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.