logo
ENG



სალაძე: წულუკიანის შეფასებით, ლომჯარია არის მერაბიშვილისა და რამდენიმე პატიმრის ომბუდსმენი

24 იან 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს თვალთვალში ადანაშაულებს. სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის სისიხლის სამართლის დანაშაულზე მიუთითებს. ლომჯარიასა და წულუკიანს შორის დაპირისპირების მეორე ტალღა, ე.წ. მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის გუშინდელ ვიზიტს უკავშრიდება. 

მინისტრისა და სახალხო დამცველის დაპირისპირებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში ხდება სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაცია.

„დღეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული დაწესებულება ცდილობს დაამტკიცოს და გააგრძელოს ის ხაზი, რასაც ლაპარაკობდა თავად იუსტიციის მინისტრი რამდენიმე დღის წინ პარლამენტში, რომ სახალხო დამცველი ყველას სახალხო დამცველი არ არის. ის არ არის ბიძინა ივანიშვილის სახალხო დამცველი, ის არ არის მისი სახალხო დამცველი. იუსტიციის მინისტრის შეფასებით, სახალხო დამცველი არის ვანო მერაბიშვილი, გიორგი მამალაძისა და კიდევ რამდენიმე პატიმრის სახალხო დამცველი. ცხადია, ეს ასე არ არის. ცუდი ამ ყველაფერში არის ის, რომ ამით ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება. როგორც ჩანს, ეს ყველაფერის სადღაც მაღლა დაიგეგმა“, - აცხადებს სალაძე. 

როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, იუსტიციის სამინისტრო ბოლო დღეებია მიზანმიმართულად არღვევს კანონს.

„პირი, რომელიც შეიძლება წამების მსხვერპლი იყოს, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ რა ინფორმაციასაც სახალხო დამცველს მიაწვდის, ამის გამო მასზე სასჯელაღსრულების სისტემაში არ განხორციელდება დამატებით რაიმე სახის ზემოქმედება. სამწუხაროდ, იუსტიციის სამინისტრო ბოლო დღეებია მიზანმიმართულად არღვევს კანონს. აჩვენებს როგორც საზოგადოებას, ასევე პატიმრებს, რომ მათი შეხვედრები სახალხო დამცველთან არაა კონფიდენციალური და ხდება მათი ფიქსაცია და შემდეგ გამოქვეყნება. გუშინ პენიტენციურმა სამსახურმასჯაროდ გაავრცცელა რომელ პატიმრებს ხვდება სახალხო დამცველი, რაც არღვევს კონფიდენციალობას“, - აცხადებს მშვენიერაძე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ომბუდსმენი ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილსა და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

თავის მხრივ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩაიდინა დანაშაული, როდესაც ომბუდსმენის შეხვედრის კონფიდენციალობა პატიმრებთან დარღვია.


close დახურვა