არასამთავრობო ორგანიზაციები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიციას ეხმაურებიან და შექმნილი ვითარების გამო, ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი სულხან სალაძე გამოსავალს კონსტიტუციაში ხედავს. ის ამბობს, რომ მთავრობას შეუძლია აამოქმედოს კონსტიტუციის მეთექვსმეტე მუხლი, რომელშიც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.
„ხელისუფლებას შეუძლია აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მეორე ნაწილი და ამის საფუძველზე რეალურად ის პრობლემა რაც შეიძლება დღეს ქვეყანაში არსებობდეს, მათ შორის ადამიანების მხრიდან ეკლესიებში შეკრების და იქ ვირუსის შემდეგი გავრცელების, ამის პრევენცია ხელისუფლებას შეუძლია. საჭიროა პოლიტიკური ნება და კონსტიტუციის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ამოქმედება. ჩვენ ადრეც ვამბობდით, თუ ხელისუფლება თვლის რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა, საგანგებო რეჟიმის დროს პარლამენტს ნებისმიერ დროს შეუძლია შეიმუშავოს კანონპროექტი და ერთი კვირის განმავლობაში დაამტკიცოს“, - განაცხადა სალაძემ.
საპატრიარქოს განცხადებები EMC-ის იურისტმა თამთა მიქელაძემაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკლესიის პოზიციაში ჰუმანიზმის იდეის უარყოფა შეინიშნება.
„ამ პრობლემების უკან, ყველაზე მძიმე, რაც საპატრიარქოს განცხადებებში ჩანს, ეს არის ერთის მხრივ ჰუმანიზმის იდეაზე უარის თქმა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობის დაცვა ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე მთავრობის რწმენა და ამის პოლიტიკური რეპრეზენტაცია. ბუნებრივია აქ პრობლემურია სოციალური პასუხისმგებლობას და სოლიდარობის იდეის გაგებაც საპატრიარქოს შიგნით“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, პატრიარქმა განცხადება გაავრცელა და მრევლს მიმართა. მიმართვაში ნათქვამია, რომ ეკლესიის კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც იქ მისვლას მოისურვებს. ამავდროულად ილია მეორე მრევლს მოუწოდებს, რომ რამდენიმე მითითება დაიცვას.