logo
ENG



სალაძე კორუფციის ინდექსზე:ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები არ ხორციელდება

23 იან 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს კორუფციის ინდექსის გაუარესებას ხელისუფლების უმოქმედობას აწერენ არასამთავრობო სექტორში. მესამე სექტორში ამბობენ, რომ სახელმწიფო არ ატარებს ანტიკორუფციულ რეფორმებს, რაც ინდექსის მონაცემებში უძრაობას განაპირობებს. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, კორუფციის აღმოფხვრის კუთხით, მნიშვნელოვანი რეფორმები არ ხორციელდება.

„ეს არის იმის შედეგი, მათ შორის სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, რომ რეალურად, მნიშვნელოვანი და საკვანძო რეფორმები ამ მიმართულებით არ ხორციელდება. ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს უმრავლესობა პარლამენტში. მას იმაზე ბევრად მეტი დეპუტატი ყავს, ვიდრე მთავრობის დაკომპლექტებას სჭირდება. ასე, რომ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას პოლიტიკური ნება სჭირდება. თუ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რეფორმები სჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ბევრი რამ უნდა დათმოს. ჩვენ ბოლო 5-6 ექვსი თვეა მუდმივად საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ, როდესაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები“, - აცხადებს სალაძე. 

IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს კი მიაჩნია, რომ საქართველოში კორუფციის არა ერთი ფაქტი ხდება, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

„ხდება კორუფციის არაერთი ფაქტი, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ვფიქრობ, აღქმის ინდექსი ზუსტად ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ, ეს არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტის შექმნა, რომელიც დაქვემდებარებული იქნება პარლამენტთან, მაგრამ ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში ვეწევით ამ საკითხის ადვოკატირებას, ხელისუფლება მზად არ არის“, - განაცხადა კლდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს 100 შესაძლოდან 56 ქულა აქვს და 180ც ქვეყნას შორის 44-ე ადგილს იკავებს. წინა წლის ინდექსის მონაცემებთან შედარებით საქართველოს წლევანდელი მონაცემები გაუარესებულია. 2018 წლის ინდექსში საქართველო 58ე ადგილს იკავებდა

 


close დახურვა