logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი: ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას

21 მარ 202015:13
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისი განცხადებით, ვირუსის პირველი ტალღა საქართველომ წარმატებით გადაიარა, თუმცა მდგომარეობის დამძიმებას უნდა ველოდოთ.

პრეზიდენტის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინა არ არსებობს, მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების გატარება შეგვიძლია და სწორედ ამიტომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, რომელიც 2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

„დღეს საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მდგომარეობა მძიმეა და მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ. ჯერ არ ჩანს განკურნების საშუალებები, ჩვენ მხოლოდ პრევენცია შეგვიძლია. გასულ დღეებში ვნახეთ რამდენად ეფექტიანად და უდიდესი პასუხისგებლობით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. 

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ.  ეს წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ახალ ბრძოლას ახალი იარაღი სჭირდება. ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ- მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


close დახურვა