საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით ახლა ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და რთული პერიოდის დასაწყისში ვართ.
მისივე განცხადებით, ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა და დიდი ალბათობით მსხვერპლის რაოდენობა მოიმატებს.
საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რათა სახელმწიფომ ვირუსის გავრცელების პრევენცია მოახდინონ და სიტუაცია უფრო მეტად არ გართულდეს.
„ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ რთული პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ. ყველა მონაცემი, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ექიმების გაფრთხილებები, ეპიდემიოლოგების შეფასებები და მიმდინარე პროცესი გვიჩვენებს, რომ არ გვაქვს მოდუნების და თვითკმაყოფილების უფლება.
ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და დიდი ალბათობით მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას. თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ ასცდნენ, თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება ეს პიკი, ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პიკი გარდაუვალია. ეს დაავადებას ყველას შეიძლება შეეხოს.
პირველ ეტაპზე მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება, რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა. დღესაც ამ კრიტიკულ მომენტში სიტუაციის უფრო დამძიმებამდე იღებს აუცილებელ ზომებს და როგორც იცით ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
სხვა და სხვა სახელმწიფო უწყება 24 საათიან რეჟიმში ემსახურება ადამიანების ჯანმრთელობას და ქვეყნის კეთილდღეობას. ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა ყველამ მოვისმინეთ. მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ დავიცვა სახელმწიფოს კანონი, და მოგთხოვოთ თქვენ, რომ კანონს დაემორჩილოთ.
პრემიერთან ერთად მოვაწერე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას. კანონმა ისევე, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია.
ჩვენი სახელმწიფოსთვის და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი ბრძოლა გადაიტანა. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებაზე და სახლში დარჩენაზე.
საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამო შესაძლოა ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს. სხვა და სხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაიცვეს დღესასწაული თავიანთი დიდი დღესასწაულის აღნიშვნის დროს, ამისათვის მათ მადლობას ვუხდი.
მე როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდანტის გარანტს კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც შეცვლილი ფორმით.
მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. რაც არ უნდა იმედი და სურვილი ჰქონდეს ზოგიერთს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს.
შინ დარჩენილები საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით. ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობას და სოლიდარობას. უნდა ვიცოდეთ, რომ ერთიანობა და სოლიდარობა, ჩვენი გადარჩენის იარაღი იქნება არამხოლოდ დღეს დაავადებასთან ბრძოლაში, არამედ ხვალაც, როცა დადგება ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დრო.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კანონი იკანონებს და როგორც აქამდე სამაგალითოდ დავძლიეთ პირველი კრიზისული ეტაპი, ხვალინდელ მძიმე დღეებსაც გავუმკლავდებით.
გველის 2, 3 ან შეიძლება მეტი უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა. დარჩით სახლში!“, - აცხადებს ზურაბიშვილი.