საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას გაეცნო, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული.
პრეზიდენტი შესასვლელებთან განლაგებულ საგუშაგოებთან მივიდა, რომლის შემდეგაც კარანტინის ზონა იწყება და მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია. მასთან ერთად საკარანტინო ზონაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარიც იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ყველა ზომაა გამოყენებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყვნენ დაცული ადამიანები. ჩვენ შევდივართ ახლა ახალ ფაზაში, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე იყოს და ყველა ძალიან შეგნებულად უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს. ბევრად დიდი სიფრთხილე დაგვჭირდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მარნეულში დღეს 9 ადამიანის ანალიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლებიც საველე ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბოლო მონაცემებს, ამ დროისთვის კორონავირუსის 90 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 268. ვირუსისგან სრულად განიკურნა 18 პაციენტი.