logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

30 მაი 202320:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/30/clyp3qbh25jal3j.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. 

"კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მივესალმები თქვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას", - დაწერა შეხვედრის დასრულების შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაიენთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

"პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს ისტორიულ გზაზე", - წერს ზურაბიშვილი. 

მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. 

ადმინისტრაციის ცნობით, შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სალომე ზურაბიშვილს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან. 

13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით ხვალ მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს ქართული ოცნების განცხადების ფონზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ მოქმედებს და კარგავს ლეგიტიმაციას.


close დახურვა