logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში ჩავიდა

17 სექ 202312:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/17/hkbfr7kl3fmiso4.png

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ლობირების მიზნით ევროპულ ტურნეს აგრძელებს. გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის შემდეგ ის შვეიცარიაში ჩავიდა.

ზურაბიშვილმა ფოტო Instagram-ის პირად გვერდზე შვეიცარიის ქალაქ ბაზელიდან გამოაქვეყნა. იმ გალერეადან, სადაც დღეიდან ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა იწყება. თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციას კი ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

ამასთან, ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის საჭირო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა.

1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა